English / ქართული / русский /
ლეილა ღუდუშაური
საოპერაციო რისკის მართვის გამოწვევები და გადაწყვეტის გზები

ანოტაცია. თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში საოპერაციო რისკის ადეკვატური მართვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს საბანკო რისკების გონივრული მართვის სისტემაში. აქედან გამომდინარე სავსებით ბუნებრივია ამ ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც იჩენს ბაზელის კომიტეტი საოპერაციო რისკის გამომწვევი ფაქტორების შესწავლისა და მისი რაციონალური მართვის საკითხებისადმი.

სტატიაში განხილული და გაანალიზებულია კომერციული ბანკის საოპერაციო რისკის გამომწვევი ფაქტორები, მისი შეფასებისა და მართვის თანამედროვე მეთოდები და გამოთქმულია მოსაზრება მათი შემდგომი დახვეწის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: ბაზელის კომიტეტი; საოპერაციო რისკის გამომწვევი ფაქტორები; საოპერაციო რისკის მართვის მეთოდები: ძირითადი ინდიკატორის მიდგომა; სტანდარტიზებული მიდგომა; რისკის განსაზღვრის გაფართოებული სისტემა. 

შესავალი 

საოპერაციო რისკი განისაზღვრება, როგორც შესაძლო დანაკარგი, რასაც იწვევს ბანკში არსებული არაადეკვატური შიდა კონტოლის სისტემა და არაეფექტური პროცედურები, ბანკის პერსონალის არასათანადო ქმედება, ტექნიკური სისტემების გაუმართავი მუშაობა და გარე ფაქტორთა ზემოქმედება  [სებ..., GRAPE, 2014: 8].

საოპერაციო რისკების მართვას უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს. ფაქტობრივად საოპერაციო რისკის კარგად მართვა,  ბანკის მთელი შიდა სისტემის, ე.ი. ბანკის კარგად მართვას ნიშნავს და პირიქით, სადაც არ შესწევთ უნარი მართონ საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნად იზრდება ბანკის გაკოტრების ალბათობა.

გარდა ამისა, საოპერაციო რისკების ადეკვატური მართვის გარეშე ბანკის  ხელმძღვანელობა მოკლებული იქნება ინფორმაციას ბანკში არსებულ ვითარებასა და პრობლემის სიღრმეზე.  საოპერაციო რისკის ოპტიმალური მართვა ბანკის მენეჯმენტს ამ რისკით გამოწვეული რაიმე პრობლემის საწყის ეტაპზევე გამოვლენისა და გადაწყვეტის საშუალებას მისცემს, რაც ბანკის სტაბილურობისა და ფინანსური მდგრადობის  საფუძველია.

 

საოპერაციო რისკის გამომწვევი ფაქტორები

 

თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში საოპერაციო რისკად ითვლება ის რისკი, რომლის შედეგად ბანკი განიცდის ზარალს შიდა კონტროლის სისტემების (თანამშრომლების მიერ დაშვებული მექანიკური ან განზრახ ჩადენილი თაღლითობა, ტექნიკური და პროგრამული ხასიათის შეცდომები) და გარე ფაქტორების ზეგავლენის შედეგად. გარე ფაქტორებში იგულისხმება ბანკის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო საქმეები (იურიდიული რისკი), ბანკის მიმართ განხორციელებული თაღლითობა და მატერიალური აქტივებისთვის მიყენებული ზიანი, რაც სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული (მიწისძვრა, ხანძარი, თავდასხმა, ტერორისტული აქტი და ა.შ.).

საოპერაციო რისკის გამომწვევ ძირითად ფაქტორებს შორის უნდა აღინიშნოს: 1) არაეფექტური შიდა კონტროლის სისტემა; 2) ბანკის პერსონალზე გაპიროვნებული ფუნქციებისა და მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება; 3) ბანკის ტექნიკური სისტემების გაუმართავი მუშაობა; 4) გარე ფაქტორთა ზემოქმედება.

განვიხილოთ ზემოაღნიშნული ფაქტორები დეტალურად:

ბანკის შიდა კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპები, თავის მხრივ, შეიძლება სამ მიმართულებად დაიყოს:

  • •თანამშრომელთა მოვალეობების სათანადო გამიჯვნა და ორმაგი კონტროლის სისტემა;
  • •საკადრო პოლიტიკა, თანამშრომელთა როტაცია და სავალდებულო     შვებულებები;
  • •შიდა აუდიტის ადეკვატური სისტემა.

ბანკში თანამშრომელთა მოვალეობების სათანადო გამიჯვნაში იგულისხმება ფუნქციების იმგვარი გადანაწილება, რომლის შესაბამისად არც ერთ თანამშრომელს არა აქვს საშუალება, დამოუკიდებლად შეასრულოს საბანკო ოპერაციის ყველა ეტაპი. მსხვილ ბანკებში ამის განხორციელება ადვილია, ვინაიდან სამუშაოს მოცულობის გამო თითოეული ოპერაციის დასრულებას ერთზე მეტი ადამიანი სჭირდება. იქ, სადაც თანამშრომელთა ოდენობა შეზღუდულია, შეუთავსებადი ფუნქციების გამოყოფა რთულდება, თუმცა ბანკს უნდა ჰქონდეს კონტროლის ისეთი სისტემა, სადაც ერთი მუშაკის მიერ შესრულებულ სამუშაოს ავტომატურად ამოწმებს მეორე (ვერიფიკაცია). ასეთი სისტემის უმთავრესი პირობაა ადეკვატური ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა, რათა გამოირიცხოს ერთი და იმავე ფუნქციის არაეფექტური შესრულება და დუბლირება.

ამასთანავე, ბანკის შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების ერთ–ერთი საფუძველია ორმაგი კონტროლის სისტემა. ამ სისტემის შესაბამისად, სულ ცოტა, ორი ადამიანის თანხმობის ან ერთობლივი ქმედების გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე საბანკო ოპერაციის შესრულება ან ბანკის გარკვეული ანგარიშების, ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის შეცვლა.

საკადრო პოლიტიკა წარმოადგენს ბანკის შიდა კონტროლის სისტემის შემადგენელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. სწორი საკადრო პოლიტიკის წარმართვა არის განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, თუ რა ხარისხის შიდა კონტროლის სისტემა არსებობს ბანკში. საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება კადრების შერჩევისა და მომზადების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივ პროცესს და შესაბამისი მოტივაციის სისტემების არსებობას.

ბანკში თანამშრომლების როტაცია მოვალეობების გამიჯვნის მნიშვნელოვანი დანამატია და, პირველ რიგში, ემსახურება თანამშრომელთა მხრიდან არაჯეროვანი ქმედების შეზღუდვას. ამასთანავე, გეგმური და გონივრული როტაციის განხორციელება საშუალებას იძლევა, რომ თანამშრომლებმა მუდმივად აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეიძინონ მეტი გამოცდილება.

თანამშრომელთა სავალდებულო შვებულება კი კიდევ ერთი დამცავი საშუალებაა თაღლითობისაგან. რეკომენდებულია, რომ ყოველწლიურად თითოეულმა თანამშრომელმა უნდა ისარგებლოს, სულ მცირე, ორკვირიანი უწყვეტი  შვებულებით მაინც.

ეფექტური შიდა აუდიტის სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას ადეკვატური შიდა კონტროლის სისტემის არსებობისათვის. თავდაპირველად შიდა აუდიტი მოიცავდა ფინანსური ჩანაწერების სიზუსტისა და თაღლითობის აღმოჩენის მიზნით დეტალურ შემოწმებას, მაგრამ ბანკებში ოპერაციებისა და ფუნქციების ზრდასთან ერთად საერთო მენეჯმენტის სფეროებში გადაინაცვლა.  დღეისათვის აუდიტის ფუნქციები მოიცავს: 1) შიდა კონტროლის სისტემის შეფასებას; 2) საბუღალტრო-საფინანსო მონაცემების საიმედოობის შემოწმებას; 3) განვითარების გეგმასთან შესაბამისობის განსაზღვრას; 4) დანაკარგების აღმოფხვრის რეკომენდაციებს; 5) აუდიტის შედეგების შეფასების მოხსენებას. ამრიგად, შიდა აუდიტი ვრცელდება მენეჯმენტის ყველა – როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ფინანსურ –დონეზე კონსტრუქციული და დამცავი ფუნქციების შესასრულებლად. კომერციულ ბანკებში შიდა აუდიტი უმეტესად ფინანსური საკითხებითაა დაკავებული, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მისი მნიშვნელობა მთლიანად ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების საქმეში. 

საოპერაციო რისკის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს ბანკის ტექნიკური სისტემების გაუმართავი მუშაობა, ტექნიკური და პროგრამული ხასიათის შეცდომები, გაუმართავი კიბერუსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი პოლიტიკისა და პროცედურების არაეფექტური მართვა.

რაც შეეხება საოპერაციო რისკის გამომწვევ გარე ფაქტორებს, აქ იგულისხმება ბანკის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო საქმეები (იურიდიული რისკი), ბანკის მიმართ განხორციელებული თაღლითობა და მატერიალური აქტივებისთვის მიყენებული ზიანი, რაც სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, სახელდობრ: მიწისძვრა, ხანძარი, თავდასხმა, ტერორისტული აქტი და ა.შ.

 

საოპერაციო რისკის შეფასების სისტემა

საოპერაციო რისკის შეფასების სისტემა ეყრდნობა ინჰერენტული[1]რისკისა და მისი მიტიგანტების[2](სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი, რისკების მართვა და შიდა კონტროლის მექანიზმები) შეფასებას [სებ.., GRAPE, 2014: 8].

ინჰერენტული საოპერაციო რისკის შეფასებისას გასათვალისწინებელია:

  • ბანკის ოპერაციების ზომა, კომპლექსურობა, სირთულე;
  • აუთსორსინგის პოლიტიკა;
  • კიბერუსაფრთხოების რისკი;
  • ბანკის დამოკიდებულება/მოწყვლადობა საოპერაციო შეფერხებების მიმართ;
  • თაღლითობისადმი „მიდრეკილება“;
  • საზედამხედველო სტრესტესტების შედეგები.

მიტიგანტების ნაწილში ფასდება:

  • სამეთვალყურეო საბჭოს გათვითცნობიერებულობა და ჩართულობა საოპერაციო რისკებთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • საოპერაციო მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები, საოპერაციო დანაკარგების აღრიცხვა-მონიტორინგის სისტემები;
  • ბიზნესუწყვეტობის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები, ბიზნესუწყვე­ტობის გეგმა და მისი ტესტირება;
  • •კიბერუსაფრთხოების კონტროლის სისტემები, შესაბამისი პოლიტიკა-პროცედურების მართვა;
  • • თაღლითობის რისკის ცნობიერება მენეჯმენტის მხრიდან, მისი მართვის პოლიტიკისა და კონტროლის მექანიზმები;
  • • ბანკის მონაცემების აღრიცხვიანობის/ხარისხიდან მომავალი სიზუსტის რისკის კონტროლის მექანიზმები.

    ბანკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საოპერაციო რისკის შეფასებისას შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს სხვა კრიტიკულ სექტორებზე დამოკიდებულება. მაგალითად, ის საოპერაციო რისკები, რომლებიც დაკავშირებულია საფინანსო სექტორის ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

 

საოპერაციო რისკის მართვის მეთოდები

 

საოპერაციო რისკის ოპტიმალურის მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კომერციულბანკში არსებობდეს გარკვეული მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საოპერაციო რისკით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების დარეზერვების ადეკვატური სისტემის შექმნა. 

    ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, საოპერაციო რისკით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების რეზერვების შესაქმნელად არსებობს სამი ძირითადი მეთოდი: 1) ძირითადი ინდიკატორის მიდგომა; 2)  სტანდარტიზებული მიდგომა და 3)  რისკის განსაზღვრის გაფართოებული სისტემა [Basel…,june,2006: 144-148].

ძირითადი ინდიკატორის მიდგომა[3]საოპერაციო რისკის შეფასებასა და შესაბამისი კაპიტალის განსაზღვრას აწარმოებს საერთო შემოსავლების საფუძველზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო შემოსავალი განიმარტება როგორც წმინდა საპროცენტო და წმინდა არასაპროცენტო შემოსავლების ჯამი. ამ მიდგომის მიხედვით საოპერაციო რისკის დასაფარად კაპიტალის მიმართ მოთხოვნა შემდეგი ფორმულით გამოისახება  [Basel…,june,2006: 144-145]:

KBIA=[∑ (GI1…n × α)]/n,

სადაც  GI1…n არის  წლიური საერთო შემოსავლები (თუ დადებითია), წინა 3 წლის განმავლობაში;

n – იმ წლების რაოდენობა, როცა ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთო შემოსავლები დადებითი იყო;

α – 15%, ბაზელის კომიტეტის მიერ დადგენილი რისკის ფაქტორი.

ამდენად, ძირითადი ინდიკატორის მიდგომა ითვალისწინებს ბანკების მიერ კაპიტალის ფლობას საოპერაციო რისკის დასაფარად, რომელიც უნდა შეადგენდეს ბოლო სამი წლის წლიური საერთო შემოსავლების საშუალო მაჩვენებლის 15%-ს.

სტანდარტიზებული მიდგომა[4]  ითვალისწინებს ბანკის  საქმიანობის დაყოფას რვა ძირითად ბიზნესმიმართულებად და კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრას თითოეული მიმართულებისთვის დიფერენცირებული – βკოეფიციენტების გამოყენებით. გათვალის­წინებულია ფიქსირებული რისკფაქტორის მნიშვნელობაც – 0,035.ამ მიდგომის გამოყენების შემთხვევაში კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა შემდეგნაირად გამოით­ვლება  [Basel..,june,2006:147]:

KTSA={∑yars 1-3 max[∑ (GI1-8 × β1-8) 0,035]}/3,

სადაც GI1–8 არის წლიური საერთო შემოსავლები თითოეული ბიზნეს­მიმართულებისთვის;

β1–8 – ბაზელის კომიტეტის მიერ განსაზღვრული, თითოეული ბიზნეს­მიმართულებისთვის დად­გე­ნილი რისკის ფაქტორი, რომელთა მნიშვნელობებიც ქვედა ცხრილშია წარმოდგენილი:

 

კომერციული ბანკის ბიზნესმიმართულებები

შესაბამისი რისკ ფაქტორებით

ბანკის   ბიზნესმიმართულება

β ფაქტორი

კორპორაციული დაფინანსება

β1=18%

ვაჭრობა და გაყიდვები

β2=18%

საცალო საბანკო მომსახურება

β3=12%

კომერციული საბანკო მომსახურება

β4=15%

    გადახდები და ანგარიშსწორება

β5=18%

სააგენტო მომსახურება

β6=15%

აქტივების მართვა

β7=12%

საცალო საბროკერო მომსახურება

β8=12%

წყარო: Basel Committee on Banking Supervision, june,2006, gv. 147.- .http://www.bis.org/publ/bcbs128.pdf?noframes=1 

თუ რომელიმე წელს ერთი ან რამდენიმე ბიზნესმიმართულებიდან მიღებული საერთო შემოსავალი უარყოფითი იქნება, შესაძლებელია  მისი განეიტრალება სხვა ბიზნესმიმართულებიდან მიღებული საერთო შემოსავლით. მაგრამ, თუ რომელიმე წელს საერთო შემოსავალი ყველა ბიზნესმიმართულებიდან უარყოფითი იქნება, აღნიშნული წლის მონაცემები გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება.

პრაქტიკაში ასევე გამოიყენება სტანდარტიზებული მიდგომის ალტერნატიული ვარიანტი, ე.წ. ალტერნატიული სტანდარტიზებული მიდგომა.  იგი სტანდარტიზებული მიდგომის ანალოგიურია, გარდა ორი ბიზნესმიმართულებისა, სახელდობრ:  საცალო საბანკო მომსახურებისა და კომერციული საბანკო მომსახურებისთვის საერთო შემოსავლის ინდიკატორი შეიძლება შეიცვალოს სესხებით, გამრავლებული ფიქსირებულ mრისკფაქ­ტორზე. შესაბამისი  β ფაქტორი კი  უცვლელი  რჩება.

აღნიშნული მიდგომის გამოყენებით კაპიტალის მინიმალური მოთხოვნის გაანგარიშება საცალო საბანკო მომსახურების ბიზნესმიმართულებისთვის შემდეგი ფორმულის გამოყენებითაა შესაძლებელი  [Basel..,june,2006:146]:

KRβ= βRβ * m * LARβ ,

სადაც  LARβ  არის  წინა 3 წლის საშუალო საკრედიტო პორტფელი;

m– 0,035 ფიქსირებული რისკფაქტორი;

β  – საცალო საბანკო მომსახურებისთვის განსაზღვრული β ფაქტორი.

ანალოგიურად ხდება კაპიტალის მინიმალური მოთხოვნის განსაზღვრა კომერციული საბანკო მომსახურების მიმართულებისთვისაც.

რისკის განსაზღვრის გაფართოებული სისტემა  ბანკს საშუალებას აძლევს  თავად შეიმუშაოს საოპერაციო რისკის შეფასების საკუთარი მეთოდიკა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ კრიტერიუმებს  [Basel…,june,2006: 147-148]. ამ მიდგომის გამოყენებისთვის ბანკმა აუცილებლად უნდა მიიღოს საზედამხედველო ორგანოს წინასწარი თანხმობა.

კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული საოპერაციო რისკის განსაზღვრის გაფართოებული მეთოდიკა, როგორც წესი, ითვალისწინებს სამ ძირითად მიმართულებას, სახელდობრ:

  1. ბანკის მენეჯმენტის ზედამხედველობისა და საინფორმაციო სისტემას;

2. პოლიტიკისა და პროცედურების განუხრელ შესრულებას;

  1. ადეკვატურ შიდა კონტროლის სისტემას;

ბანკის მენეჯმენტის ზედამხედველობის სისტემაში იგულისხმება ბანკის სტრუქტურაში აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე გარკვეული ქვედანაყოფის არსებობა, რომელიც შესაბამის მონიტორინგს გაუწევს ყველა სახის ფინანსურ რისკს, მათ შორის განსაზღვრავს და დროულად აღმოფხვრის საოპერაციო რისკის გამომწვევ მიზეზებს. ბევრ ბანკში ასეთი ქვედანაყოფები არსებობს ბანკის მენეჯმენტის (დირექტორატის) დონეზე სხვადასხვა კომიტეტების სახით (საკრედიტო, საფინანსო, რისკის მართვის და აუდიტის კომიტეტები). ამასთანავე, სასურველი იქნება, თუ ქართული ბანკები გაითვალისწინებენ თავიანთ სტრუქტურებში ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვის რისკის განსაზღვრისა და მართვის დამოუკიდებელ კომიტეტს.

საოპერაციო რისკის მართვის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკებს შორის.  სახელდობრ, საბანკო ოპერაციის განხორციელებისას ბანკის თანამშრომლის ან ტექნიკურად გაუმართავი საოპერაციო სისტემის გამო დაშვებული შეცდომა შეიძლება საბაზრო ან საკრედიტო რისკის გამომწვევი მიზეზი გახდეს. მაგალითად, 1995 წელს ცნობილი ბანკი ,,ბერინგსის” კოლაფსი გამოწვეული იყო დიდი ფინანსური დანაკარგით, რაც მან განიცადა საფონდო ბირჟაზე მასშტაბური სპეკულაციური ოპერაციების გამო. ერთი შეხედვით, ამ შემთხვევაში უმსხვილესი ბანკის გაკოტრების გამომწვევი მიზეზი საბაზრო რისკი იყო, თუმცა რეალურად მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და მდგრადი საბანკო ინსტიტუტის გაკოტრება გამოწვეული  იყო საოპერაციო რისკით, რაც ბანკის შიდა კონტროლის სისტემის სრული მოშლით გამოიხატა.  როგორც წესი, საოპერაციო რისკის მიმართ მგრძნობიარენი არიან მსხვილი ბანკები, რომლებიც ხასიათდებიან რთული ინფრასტრუქტურით, კლიენტურის დიდი ოდენობით და ფილიალების ფართო ქსელით. 

დასკვნა 

ამრიგად, საოპერაციო რისკის ადეკვატური მართვა შესაძლებელია ეფექტური შიდა კონტროლის სისტემის არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, სასურველია, თუ ბანკის მენეჯმენტი განახორციელებს საოპერაციო რისკით გამოწვეული ზარალის გადაფარვას სპეციალური რეზერვების შექმნით, სესხების შესაძლო დანაკარგების დარეზერვების სისტემის ანოლოგიურად. ასევე, თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული საბანკო რისკის დაზღვევა. დაზღვევას მეტად უნდა დაექვემდებაროს საოპერაციო რისკით გამოწვეული დანაკარგები.

საოპერაციო რისკის სწორი მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, კომერციულ ბანკში არსებობდეს ცალკე სრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამის მონიტორინგს გაუწევს ყველა სახის ფინანსურ რისკს, მათ შორის განსაზღვრავს და დროულად აღმოფხვრის საოპერაციო რისკის გამომწვევ მიზეზებს. ამასთანავე, აუცილებელია, ბანკს ჰქონდეს შესაბამისი მეთოდოლოგიური ბაზა (პოლიტიკა და პროცედურები), რაც უზრუნველყოფს შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურ მუშაობას, ხოლო ბანკის მენეჯმენტს საშუალებას მისცემს, დააწესოს მუდმივი მონიტორინგი მის განუხრელ დაცვასა და შესრულებაზე.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ საოპერაციო რისკის მთლიანი ნეიტრალიზაცია შეუძლებელია, თუმცა ოპტიმალურ შემთხვევაში გატარებულმა ღონისძიებებმა და რისკების მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მისი მინიმუმამდე დაყვანა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს ეროვნული  ბანკის  პრეზიდენტის  2014  წლის  13  ივნისის  №47/04ბრძა­ნება ,,კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ  დებულების დამტკიცების  თაობაზე”.  –www.nbg.gov.ge
  2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანება „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის დამტკიცების  თაობაზე“  (GRAPE).  –www.nbg.gov.ge
  3. საქართველოს ეროვნული ბანკის რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩო რისკების  შეფასების  საერთო  პროგრამა  (GRAPE), თბ.,  სებ, 2014,  გვ. 8.-www.nbg.gov.ge
  4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანება ,,კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების  თაობაზე“.  –www.nbg.gov.ge
  5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 17 მარტის # 71 ბრძანება  ,,კომერციულ ბანკებში რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 13.01. 2020 წლის ცვლილებები, თავი XVIII, მუხლი 60, 61. - www.nbg.gov.ge
  6. Basel Committee issues principles for operational resilience and risk. Press release, 31 March 2021. -https://www.bis.org/press/p210331a.htm
  7. Basel Committee on Banking Supervision – International Convergence of Capital Measurement and Capital Standards: Revised Framework-Comprehensive Version. Jun 2006, pp. 144 -148. - (http://www.bis.org/publ/bcbs128.pdf?noframes=1), Basel III, December 2017 changes. -    https://www.bis.org/bcbs/publ/d424.htm
  8. Basel Committee on Banking Supervision – “Sound Practices for the Management and Supervision of  Operational Risk”.  -(http://www.bis.org/publ/bcbs96.pdf?noframes=1)
  9. Basel Committee on Banking Supervision – Amendment to the Capital Accord to Incorporate Market Risks. January 1996.  -(http://www.bis.org/publ/bcbs24.pdf?noframes=1)


[1] ინჰერენტული რისკი – თანდაყოლილი რისკი.

[2] მიტიგანტები – რისკების შემარბილებელი ფაქტორები: სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი, რისკების მართვა და შიდა კონტროლის მექანიზმები.

[3] იხ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანება ,,კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 13.01.2020 წლის ცვლილებები, თავი XVIII, მუხლი 60. - www.nbg.gov.ge

[4] იხ. იქვე, თავი XVIII, მუხლი 61.